მძიმე დანაშაულზე სასჯელის ლიბერალიზაცია მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონპროექტი პარლამენტში ორი წლის წინ იყო ინიცირებული, თუმცა მაშინ მთავრობასა და პარლამენტს შორის, მის უკუძალასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხდა.
კანონპროექტი, რომელზე მსჯელობასაც პარლამენტი დაუბრუნდა, სასჯელის ლიბერალიზაციას შეეხება რიგ მძიმე დანაშაულებზე. კერძოდ, ლიბერალიზაცია შეეხება ქურდობას, ძარცვას, თაღლითობას, მითვისება ან გაფლანგვას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, ფალსიფიკაციას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას და ა.შ.. ამ ქმედებებზე სასჯელის ზედა ზღვარი უცვლელი რჩება და სასჯელის მხოლოდ ქვედა ზღვარი მცირდება.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან განმარტა, საკანონმდებლო ცვლილებას უკუქმედების ძალა აუცილებლად მიეცემა და ის იმ მსჯარდებულებზედაც აისახება, რომლებიც სასჯელს მოქმედი სანქციების შესაბამისად იხდიან. თუმცა, თორდიას თქმით, უკუქმედება სანქციათა შუალედურ ნაწილზე ვერ აისახება.