საქართველოს კონსერვატიული პარტია თავისუფლების ინსტიტუტის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვს, ისევე როგორც მსოფლიო პრაქტიკაში აკრძალულია ანტისემიტური და ფაშისტური ორგანიზაციები. ამის შესახებ პარტიის ლედერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თავისუფლების ინსტიტუტის მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს წინააღმდეგ ყოველგვარ ზღვარს გადასცდა," - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე განცხადებით, ბოლო დროს ინტერნეტ საიტებზე ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული ბინძური ვედეორგოლების გავრცელება იწვევს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქის რელიგიური და პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ინსტიტუტის წევრების მიმართ ანგარიშსწორება ამა თუ იმ ფორმით, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის.
საქართველოს კონსერვატიული პარტია მოითხოვს თავისუფლების ინსტიტუტის გამომწვევი ქმედებების აღსაკვეთად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 166-ე მუხლების თანახმად აეკრძალოს საქმიანობა.