რუსეთის დუმის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პროკურატურა ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში ადანაშაულებს, სიცრუის დეტექტორზე ტესტი გაიარა. ტესტი მოსკოვში ბრიტანელმა პოლიგრაფოლოგებმა ჩაატარეს. დასკვნა: ლუგოვოი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცრის მკვლელობასთან კავშირში არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და ტესტის კითხვებისა და პასუხების გარკვეულ ნაწილსაც აქვეყნებს.
ტესტის შედეგები წერილობითი დასკვნის ფორმით ფირმა "UK Lie Tests" აქვს წარმოდგენილი.
შემოწმებისას დასმული იყო საქმესთან დაკავშირებული შემდეგი კითხვები და გაცემული იყო შემდეგი პასუხები: კითხვა 1: გააკეთეთ თუ არა თქვენ რამე, რასაც, შესაძლოა, ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილი გამოეწვია? პასუხი: არა. კითხვა 2: იყავით თუ არა რაიმე სახით დაკავშირებული ალექსანდრე ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან? პასუხი: არა. კითხვა 3: ოდესმე საქმე პოლონიუმთან გქონიათ? პასუხი: არა", _ ნათქვამია ტესტირების შედეგებში.
"ყველა დიაგრამისთვის გაკეთებული დაწვრილებითი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ კითხვებზე გაცემული პასუხები სიცრუე არ არის. ამიტომაც, ჩვენი პროფესიონალური აზრით, ლუგოვოი სიმართლეს ამბობდა მაშინ, როდესაც ზემოთ ნახსენებ კითხვებს პასუხობდა", _ ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ბრიტანული პოლიგრაფების ასოციაციის წევრები და ექსპერტები ბრიუს და ტრისტან ბერჯესები აწერენ ხელს.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ თავად ლუგოვოიმ დაადასტურა, რომ სულ ახლახან მოსკოვში ტესტი გაიარა. მისი თქმით, პროცედურა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
ტესტის ჩატარება და გადაღება სიცრუის დეტექტორზე რუსულ-ბრიტანული ტელეკომპანია "Russian Hour"-ის მიერ იყო ორგანიზებული. ტელეკომპანია აპირებს გადაიღოს ფილმი და ის რუსეთში, დიდი ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში გაუშვას.
რუსულ მედიასთან საუბარში ლუგოვოიმ აღნიშნა, რომ ბრიტანელი ავტორიტეტული ექსპერტების მოწვევის იდეაც მათ ეკუთვნოდა და რამდენადაც მისთვის ცნობილია, ხსენებული კომპანია სკოტლანდ იარდთან და სასამართლო სისტემასთან თანამშრომლობს.
მიიღებენ თუ არა მხედველობაში ამ ტესტის შედეგებს გამომძიებლები, ლუგოვოისთვის უცნობია, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ მათი მუშაობა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს დააინტერესებს. ასეა თუ ისე, ლუგოვოი მომავალში აპირებს ამ ბრიტანელი სპეციალისტების მოწვევას თავისი დაცვის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებების დროს.
კომპანია "UK Lie Tests"-ის ინტერნეტგვერდზე ნათქვამია, რომ იგი 1999 წლიდან არსებობს და იქ მაღალკვალიფიციური ექპერტები მუშაობენ. შემოთავაზებების ნუსხაში არის ასეთი ფრაზა: "მსოფლიოში მრავალი წლის განმავლობაში გამოყენებისას პოლიგრაფმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის უდანაშაულობა დაამტკიცა. ჩვენ თქვენს სიმართლეს მხოლოდ ერთი შესაძლებლობით დავამტკიცებთ. გახსოვდით: რჩევას უფასოდ ვითვლებით".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ლიტვინენკო ლონდონის საავადმყოფოში 2006 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმ-210 ით იყო მოწამლული. დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ ამ საქმეში ანდრეი ლუგოვოი დაადანაშაულა, რომელიც მაშინ რუსეთის დუმის დეპუტატი არ იყო.
ლუგოვოიმ, ასევე ბიზნესმენებმა დიმიტრი კოვტუნმა და ვიაჩესლავ სოკოლენკომ, რომლებიც ამ დროს 2006 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ლონდონში იმყოფებოდნენ, ლიტვინენკო გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე ნახეს. ბრიტანეთმა ლუგოვოის ექსტრადაცია მოითხოვა, რაზედაც მას უარი უთხრეს. თავად ლუგოვოი ბრალს არ აღიარებს.