მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დავით შარაბიძე დააკავეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში "დატო ტბილისსკის" ზედმეტსახელადაა ცნობილი. რუსეთის შს სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შარაბიძე მოსკოვში ე.წ. დომუშნიკების მფარველად ითვლება.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ შარაბიძეს რუს სამართალდამცავებთან პრობლემები ადრეც ჰქონია. იგი მეტადონის შენახვისა და ყალბი პასპორტის გამო დააკავეს. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომლის მოხდის შემდეგაც იგი კვლავ მოსკოვში დაბრუნდა.
პოლიციის ინფორმაციით, ე.წ. კანონირ ქურდს შესაძლოა "ნეგატიური გავლენა მოეხდინა დედაქალაქში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე, ამიტომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ".
რუსული მედიის ინფორმაციით, ფორმალურად დავით შარაბიძე მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო დააკავეს. ამჟამად იგი გამანაწილებელში იმყოფება, რომელიც არალეგალი მიგრანტებისთვისაა განკუთვნილი. უახლოეს მომავალში კი მის დეპორტაციასაც გეგმავენ.