26 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამაარსებლის, დიმიტრი ყიფიანის, დაბადების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
დიმიტრი ყიფიანი 1814 წლის 26 აპრილს დაიბადა. ადრეული ასაკიდან აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი 1832 წლის შეთქმულების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო. 1840 წელს სწორედ მან შეადგინა და მთავარმართებელს დასამტკიცებლად წარუდგინა "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის წესდება", რის საფუძველზეც თბილისში პირველი წიგნსაცავი დაარსდა. 1864 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, 1876 წელს კი ქალაქ თბილისის თავი გახდა. 1879 წელს ილიასთან, აკაკისთან, იაკობ გოგებაშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად ჩამოაყალიბა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", რომლის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. დიმიტრი ყიფიანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ხმა აიმაღლა ეგზარქოს პავლეს წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, ეგზარქოსმა სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობის გამო მთელი ქართველი ერი დაწყევლა. დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსის საქართველოდან გაძევება მოითხოვა. ამის გამო იგი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც 1887 წელს ვერაგულად მოკლეს. 2007 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად აღიარა.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული დიმიტრი ყიფიანის კვლევები ქართულ და რუსულ ენებზე, თარგმანები (მან პირველმა თარგმნა უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", რომელიც ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა). ასევე გამოიფინება უნიკალური მასალები დიმიტრი ყიფიანის პირადი არქივიდან, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. ექსპონატებს შორის იქნება დიმიტრი ყიფიანის 1842-1859 წლების მიმოწერა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსებასთან დაკავშირებით, მისი ნამსახურეობითი სია, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი" მიმართვა დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძის ხელმოწერებით.