საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიხედვით, ზოგიერთ დარღვევაზე ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილება წესდება, ასვე მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა დროში ხანგრძლივდება. მნიშვნელოვანი ცვლილება ისიც, რომ პირს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრების განკარგვის უფლება აღარ შეეზღუდება.
კოდექსში შესატან ცვლილებებს ფინანსთა მინისტროს მოადგილე რუსუდან კემულარია საგადასახადო წნეხის შემსუბუქებითა და მეტი ლიბერალიზმით ხსნის. მისი თქმით, ცვლილებების მიზანი საგადასახადო წნეხის შემსუბუქება, სანქციების ლიბერალიზაცია, ადმინისტრირების გამარტივება, ბუნდოვანი ნორმების განმარტება და დაზუსტებაა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი მომზადებულია ბიზნესსექტორის, საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით შედის, კერძოდ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით: მიწაზე ქონების გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება პირი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა მდებარეობს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ და აღნიშნულის გამო იგი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით. ამასთან აღნიშნული ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით.
მისი განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1-ელ იანვრამდე შესრულების შემთხვევაში, ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისგან.
ასევე, საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისას შესაძლებელი იქნება ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება.
"საგადასახდო კოდექსში" შესატანი ცვლილების მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით: თუ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში განახორციელებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის საქმიანობას; და ასევე, თუ საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე დაამატებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის დაბეგვრის ობიექტს.
ასევე, პირს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრების განკარგვის უფლება აღარ შეეზღუდება, როცა იგი ბიუჯეტში იხდის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის, საურავის ან ჯარიმის თანხას, აგრეთვე მაშინ, როდესაც იგი იხდის სახელმწიფო ბაჟის (სასამართლოს ხარჯები) თანხას.
აქციზის განაკვეთების ცხრილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რაც განპირობებულია საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ საერთაშორისო კონვენციის "ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურის" 2012 წლის რედაქცაზე გადასვლით, რომლის მიხედვითაც, საქართველო, როგორც კონვენციის ხელშემკვრელი, მხარე ვალდებულია, შესაბამისობაში მოიყვანოს (ანუ მოახდინოს კოდიფიცირება ახალი ვერსიის შესაბმისად) შიდა კანონმდებლობა კონვენციის მოთხოვნებთან. ახალ ვერსიაზე გადასვლასთან დაკავშირებით მოხდა რიგი საქონლის კლასიფიკაცია სხვა რიცხობრივი კოდით, რამაც პოვა ასახვა წარმოდგენილ პროექტში. ამასთან, ახალი ცხრილის მიხედვით არცერთ საქონელზე არ იგეგმება აქციზის განაკვეთის გაზრდა.