თელავის ვაჟა - ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა კაპელდინერებმა მარიამ მახარაშვილმა და ნანა ცატავამ თეატრის მმართველს დუტა სხირტლაძეს სასამართლოში უჩივლეს.
როგორც მარიამ მახარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, დუტა სხირტლაძეს მათთვის 3 200 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება აქვს დასაფარი.
„მეც და ნანა ცატავასაც 1 600 ლარი გვაქვს ასაღები, თითოეულს. თეატრში 2 წელი ვმუშაობდით. ამ ხნის განმავლობაში დუტამ მხოლოდ ორჯერ მოგვცა ხელფასი 100-100 ლარის ოდენობით. სანამ ჩამოდიოდა, რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ ხელფასები მოეცა. ახლა აღარც ჩამოდის, არც ტელეფონს პასუხობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისის იურისტებმა სარჩელი შეგვიდგინეს და სასამართლოში შევიტანეთ," - განუცხადა მარიამ მახარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
მარიამ მახარაშვილის და ნანა ცატავას სარჩელის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში 19 აპრილს, 11:00 საათზეა დანიშნული. საქმეს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეოთხე სარჩელია, რომელიც თელავის თეატრის თანამშრომლებმა დუტა სხირტლაძის წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით სასამართლოში შეიტანეს. გასულ წელს, იგივე მოთხოვნით სასამართლოს თეატრის ექვსმა კაპელდინერმა მიმართა. მოსამართლემ კაპელდინერების სარჩელი დააკმაყოფილა და თეატრის ხელმძღვანელს სახელფასო დავალიანების სრულად გადახდა დააკისრა 2 604 ლარის ოდენობით. მანამდე, სასამართლოს თელავის თეატრის დაცვის სამსახურის ყოფილმა წევრებმაც მიმართეს. სასამართლომ თეატრს ამ შემთხვევაშიც 2 000 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების სრულად დაფარვა დააკისრა. რამდენიმე დღის წინ, თელავის რაიონულ სასამართლოს თეატრის სცენის ყოფილმა მუშებმა მიშა გოგინაშვილმა და გია ზარაფიშვილმაც მიმართეს. დუტა სხირტლაძეს მათთვის 5 000 ლარი აქვს გადასახდელი. მოსამართელე გოგიტა თოთოსაშვილმა პროცესზე მოსარჩელეების 2 წუთით დაგვიანების გამო სარჩელი განუხილველი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა თელავის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლი არ დაუდგამთ. თეატრს არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი, გათიშულია ტელეფონი და ინტერნეტი.