საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მიერ ''საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა დევნის შესახებ'' მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას ეხმიანება .
"12 აპრილს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, რომელშიც მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მგზავრობისაგან იმ მოტივით, რომ თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება მათ დევნის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის საფუძველზე", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქარმეტა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ გამოიწვია რუსეთიდან საქართველოში სტუმრობის მოსურნეთა რიცხვის მკვეთრი მატება.
"რუსეთის ხელისუფლება აშკარად დაიბნა და ჯერ აბსურდული მიზეზებით აარიდა თავი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას, ხოლო შემდეგ უკვე შეეცადა და ამჟამადაც ცდილობს შეთხზული საფრთხეებით დააშინოს საკუთარი მოქალაქეები", - აღნიშნავს საგარეო უწყება და დასძენს, - "რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ცნობა ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა, არამედ რუს და ქართველ ხალხებს ნორმალური ურთიერთობის და მეგობრობისა. ეს ცნობა აშკარად მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს სერიოზული შიში იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქისათვის საქართველოში ვიზიტების შედეგად, ნათელი ხდება რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის სიყალბე და შესაბამისად საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მანკიერი ხასიათი".
საგარეო უწყება ასევწე განარტავს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"კანონთან დაკავშირებებულ მომენტებს და აღნიშნავს, რომ კანონი მიღებულ იქნა 2008 წლის 23 ოქტომბერს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, საქართველოს განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის და საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. „დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ. და საქართველოს მხარემ ოფიციალურად, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, არაერთგზის განმარტა ამ კანონის დებულებები, რის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული რუსეთის საგარეო უწყება.
"დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს მორიგი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდება და რუსეთის უამრავი მოქალაქე, ვინც აპირებს ჩამოსვლას საქართველოში, თავად დარწმუნდება, ისევე როგორც ისინი, ვინც უკვე იმყოფებოდა აქ, რომ საქართველოში სტუმრობა არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.