სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშის ვარაუდით, პატიმრებს კიდევ დიდხანს მოუწევთ იმ ციხეებში ყოფნა, რომელთა ლიკვიდაცისასაც ის ორი წლის წინ ითხოვდა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უმრავლესობის წევრების საპასუხოდ განაცხადა, რომელთაც სთხოვეს დაედასტურებინა, რომ სასჯელაღსრულებაში რეფორმები სხვა ქვეყნებზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არსად აშენებულა უკანასკნელ წლებში 12 ახალი ციხე.
ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოში გაიხსნა არა 12, არამედ 7 ციხე, ნაწილი დაწესებულებებისა კი გარემონტდა კაპიტალურად და ნაწილი არაადეკვატურად. მისი თქმით, არაადეკვატურად გარემონტებულ ქსნის ზონაში მძიმე ვითარება რჩება.
ტუღუშის ინფორმაციით, ყველა ახალი დაწესებულება გაცილებით მაღალი სტანდარტისაა, ვიდრე ძველი დაწესებულებები, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ეს არის უმაღლესი ევროპული სტანდარტის ციხეები, შორს წაგვიყვანს.
"საქართველოში 75 % პატირმებისა ცხოვრობს გაცილებით უკეთეს ინფრასტრუქტურაში, ვიდრე წარსულში, თუმცა რჩება ისეთი დაწესებულებები, სადაც ადამიანის ხანგრძლივი დროით მოთავსება არასათანადო და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდება", - განაცხადა ტუღუშმა და ასეთ საპყრობილეებად ზუგდიდის, ბათუმის, თბილისის პირველი და ქსნის ძველი ზონა დაასახელა.
"საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება პატიმრების ყოფნა იმ დაწესებულებებში, რომელთა ლიკვიდაციასაც ვითხოვდი ორი წლის წინ", - განაცხადა ომბუდსმენმა და ხაზი გაუსვა, რომ ლაითურის ციხის მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა.