სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ 26 მაისს ჟურნალისტების უფლებების დარღვევის საკითხზე პროკურატურის რეაგირება არაადეკვატური იყო.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას ჟურნალისტების უფლებების დარღვევის საკითხზე მთავარ პროკურატურას მიმართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მოითხოვა.
მისი თქმით, საკითხი შეეხებოდა არაერთ ჟურნალისტს, რომლებიც როგორც ფიზიკურ შეურაცყოფაზე, ისე მცირე დროით უკანონოდ დაკავების ფაქტზე, აპარატურის დაზიანებასა და მასალის განადგურებაზე საუბრობდნენ.
,,ჟურნალისტების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურიდან პასუხი მივიღე, რომელშიც მითითებული იყო, რომ ჩვენი რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა, ვინაიდან პროკურატურამ გამოძიების დაწყება საჭიროდ არ მიიჩნია და მასალები რეაგირებისთვის სწორედ შინაგან საქმეთა უწყებას გადაუგზავნა. ამას მოჰყვა ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხის დასმაა", - აღნიშნა ომბუდსმენმა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო და შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დაესვა.