"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გიორგი ტუღუშს იმის გამო საყვედურობს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ნორა კვიციანზე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშის მოსმენისას, ბაღათურიამ ანგარიშს "ბრალდებების 650-გვერდიანი ნუსხა" უწოდა. ბაღათურიას თქმით, სასურველი იყო, სახალხო დამცველს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე ესაუბრა.
"მე ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე ესაუბრა. მათ შორის ნორა კვიციანზე, რომელიც მძევლად იმის გამო ჰყავთ, რომ ის ძებნილი ემზარ კვიციანის დაა", - აღნიშნა ბაღათურიამ.
აღნიშნული განცხადების გამო დეპუტატი უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნორა კვიციანი იყო ერთ-ერთი მოთავე იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მყიფე ყოფილიყო.
ტუღუშის განმარტებით კი, ნორა კვიციანის საქმე მის წინა ანგარიშში უკვე იყო ასახული.