დღეს, 18:00 საათზე, აშშ-ის საელჩოში ელჩი ჯონ ბასი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ვიდეოკონფერენციას უმასპინძლებს.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოპოზიციის ლიდერები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პირები. განიხილავენ საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. ’
ოპოზიციის ლიდერები წინასაარჩევნო გარემოზე, შესწორებულ საარჩევნო კოდექსსა და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" შემოთავაზებულ ცვლილებებზე ისაუბრებენ. ვიდეოკონფერენცია ვაშინგტონში მომავალი კვირისათვის დაგეგმილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მოსამზადებელი ეტაპია. სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თომას მელია.
დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი ერთ-ერთია იმ ოთხი სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ამერიკა-საქართველოს სტარტეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შეიქმნა.