4 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართება.
ღონისძიების დასასრულს დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება მისი სახელობის ვარსკვლავი.
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი მოღვაწეობს სასიმღერო ჟანრში. ის, როგორც პიანისტი, თავისი საშემსრულებლო მანერით ყოველთვის გამორჩეული იყო. კომპოზიტორი თავის ნაწარმოებებს ძირითადად ქართველი კლასიკოსების ლექსებზე წერს. დაწერილი აქვს საფორტეპიანო, სავიოლინო და საორკესტრო პიესები, საფორტეპიანო კონცერტი, კინომუსიკა ფილმებისთვის და მრავალი სხვა.
განსაკუთრებით პოპულარულია მისი სიმღერები: "ქუთაისო", "იმერეთის ნიავო", "ღმერთი სიყვარულისა", "ბათუმი რად ღირს მარტო", "ჩემი სიმღერა", "ო, არა გაზაფხულზე", "კახეთო", "გადამრიე", "გამიფრთხილდი", "სამშობლო", "გიყვარდეს საქართველო", "ფიროსმანის ქალაქი", "თბილისო სიყვარულო", "ქართულო მიწავ" და სხვა.
კომპოზიტორი ხელოვნების და კულტურის უნივერსიტეტისა და მუსიკის გიმნაზიის პედაგოგია, ასწავლის კომპოზიციას. არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ა. წერეთლის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისი საპატიო მოქალაქე.