თაღლითობა, რომლის მსხვერპლიც 93 წლის ქალბატონი გახდა. თამარ ასათიანი ბინის თაღლითური გზით გადაფორმებაში საკუთარ შვილიშვილს ადანაშაულებს.
კიევში მცხოვრები ნადია კემულარია 2008 წლის აპრილში საკუთარი დეიდის გასვენებაზე ჩამოვიდა და როგორც თამარ ასათიანი აცხადებს, მისი მდგომარეობით ისარგებლა და ბინის ჩუქების დოკუმენტზე ხელი მოტყუებით მოაწერინა. ზუსტად ერთ კვირაში კი ის უკრაინაში დაბრუნდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა.
თამარ ასათიანი დიღმის მასივში მდებარე სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს. მას ოჯახის წევრები გარდაცვლილი ჰყავს. ახლა კი მოხუცს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება, რადგან შვილიშვილმა ბინის გაყიდვა გადაწყვიტა. ბინის პოტენციური მყიდველები მოხუც ქალბატონს უკვე ურეკავენ.
ასათიანის ერთადერთი შვილიშვილი, ნადია კემულარია კიევში მარტო ცხოვრობს და ერთ-ერთ ჟურნალში კორესპონდენტად მუშაობს. მას კიევში "მოამბე" დაუკავშირდა, მაგრამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
თამარ ასათიანმა შვილიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა.