თელავის ვაჟა - ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლებმა თეატრის მმართველს დუტა სხირტლაძეს სასამართლოში უჩივლეს. თეატრის თანამშრომლები მმართველისგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.
მიხეილ გოგინაშვილისა და გია ზარაფიშვილის სარჩელის განხილვა თელავის სასამართლოში 11 აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება. საქმეს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი განიხილავს.
„ორივეს ერთად 5 000 ლარი გვაქვს ასაღები, აქედან ჩემი 2 000 ლარია. დუტას რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ ხელფასები მოეცა, მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ სასამართლოს მივმართეთ," - განუცხადა მიხეილ გოგინაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით თელავის თეატრის მმართველის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი თეატრის კაპელდინერებმაც შეიტანეს. მოსამართლემ კაპელდინერების სარჩელი დააკმაყოფილა და თეატრის ხელმძღვანელს სახელფასო დავალიანების სრულად გადახდა დააკისრა 2 604 ლარის ოდენობით. მანამდე, იგივე მიზეზით სასამართლოს თელავის თეატრის დაცვის სამსახურის ყოფილმა წევრებმაც მიმართეს. სასამართლომ თეატრს ამ შემთხვევაშიც 2 000 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების სრულად დაფარვა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა თელავის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლი არ დაუდგამთ. თეატრს არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი, გათიშულია ტელეფონი და ინტერნეტი. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 9 მარტს გამოაქვეყნა სტატია თელავის თეატრი პარალიზებულია. თელავის თეატრის დასის წევრებსა და დუტა სხირტლაძეს შორის დაპირისპირება უკვე ერთი წელია გრძელდება. მსახიობების თქმით, 2011 წლის 22 მარტს, თეატრის დასის შეკრებაზე, თეატრის მმართველის დუტა სხირტლაძის გინების შემდეგ, მსახიობი ავთანდილ გულიაშვილი, რომელიც ავად იყო, დარბაზში გარდაიცვალა, თეატრის რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე და მსახიობი ვანო იანტბელიძე კი ავად გახდნენ. ჩაკვეტაძეს სამედიცინო დახმარება თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოუჩინეს. დუტა სხირტლაძე მასთან დაპირისპირების გამო თეატრის მთავარ რეჟისორს გოგი ჩაკვეტაძეს გათავისუფლებითაც დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და ჩაკვეტაძის გათავისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადება ემოციურობით ახსნა. რამდენიმე დღის წინ, თელავში ყოფნისას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ თელავის თეატრში ერთ თვეში ყველაფერი მოგვარდება.