პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ჯი-ეიჩ-ენი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
რამდენიმე დღეა ქართულ პოლიტიკურ წრეებში კეთდება განცხადება, რომლის მიხედვით, მომზადდა საქართველოს კონსტიტუციაში და სხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების და დამატებების შესახებ კანონპროექტი. ამ კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, დაბადებულს საქართველოში, რომელსაც 10 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, უნდა მიენიჭოს უფლება მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში და იყოს უფლებამოსილი კანდიდატი.
აღნიშნულ იდეას მხარს უჭერენ საპარლამენტო უმცირესობის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. დისკუსიებში ჩაერთო ქართული საზოგადოების წარმომადგენლებიც.
პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" აცხადებს, რომ სახეზეა ქართული საზოგადოების დაბნევის და შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა, რომელსაც შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში. აღნიშნულმა კანონპროექტმა, მიღების შემთხვევაში, შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს ისედაც რთული საარჩევნო გარემო და კიდევ უფრო გააღრმავოს არსებული უფსკრული საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.
როგორც ცნობილია, საქართველოში არსებული ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების, ძირძველი ქართული მიწების დაკარგვის და იქიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნის გამო, მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებულია უცხოეთში დროებით ემიგრაციას შეაფაროს თავი. აქედან დიდ ნაწილს, რომელიც სამუშაოდ არიან თავშეფარებულნი უცხო ქვეყნებს, საქართველოს მოქალაქეობა არ დაუკრგავთ და სისტემატური კავშირი აქვთ საქართველოში დარჩენილ ოჯახებთან. ქართული დიასპორები წარმოდგენილნი არიან ევროპის, აშშ-ს და დსთ-ს და სხვა მრავალ ქვეყნებში.
თუ ზემოაღნიშნული კანონპროექტი მიღებულ იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ, დაისმევა სავსებით ლოგიკური კითხვა: რატომ უნდა ჰქონდეთ საპარლამეტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია და 10 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, და ამ უფლებას მოკლებული იყოს აშშ-ში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, არგენტინაში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები
ჩვენი აზრით, სახეზეა ქართული მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირდაპირი დისკრიმინაცია, რაც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი მე-14), აგრეთვე უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტებით (,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" 1950 წლის ევროპული კონვენცია მუხლი მე-14; გაეროს 1948 წლის ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია" მუხლი მე-12; გაეროს 1966 წლის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" მუხლი 26-ე)
როგორც ქართული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლით ყოვლად დაუშვებლადაა მიჩნეული მოქალაქეთა დაყოფა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ეს დებულება ყოველთვის ითვლებოდა ელემენტარულ სამართლებრივ ჭეშმარიტებად. ჩვენს გაოცებას და შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის დაუფიქრებლად და არაკვალიფიციურად გაკეთებული განცხადება, რომელმაც კიდევ უფრო დაძაბა ისედაც რთული საარჩევნო გარემო საქართველოში.
ჩვენი აზრით, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი არაკომპეტენტურობის, უპასუხისმგებლობის და სხვაზე გადაბრალების ნათელი დადასტურება. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ჯიუტად არ სურს აღიაროს საკუთარი შეცდომა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით და განხორციელებული საერთაშორისო ზეწოლის შედეგად იძულებულია მოიფიქროს შექმნილი არასახარბიელო სიტუაციიდან გამოსავალი - ყველაფერი გადაწყვიტოს კონსტიტუციაში შეტანილი გაუმართლებელი ცვლილებით და არა საკუთარი შეცდომის აღიარებით.