იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატის ქეთევან გაგოევის ძალისხმევით, ი.მ., რომელსაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისათვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, ი.მ.-მ, რომელიც გორის რაიონის სოფელ საქაშეთის დევნილთა კომპაქტური დასახლების მკვიდრია, სარწყავ არხში ხელყუმბარა და 90 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინა. ნაპოვნი ნივთები მან ჯერ საცხოვრებელ კოტეჯში შეინახა, შემდეგ კი პირვანდელ ადგილს დაუბრუნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ი.მ.-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობდა. მას დამცველად საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.
მთავარ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ვერ ადასტურებდნენ უშუალოდ ი.მ.-ის მიერ საბრძოლო მასალების სარწყავ არხში დატოვების ფაქტს. შესაბამისად, საზოგადოებრივმა ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გამართლება მოითხოვა.
საბოლოოდ, გორის რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა ქეთევან გაგოევის პოზიცია და ი.მ.-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.