2011 წელს სასამართლოში დადებითი შედეგით პატიმრის მხოლოდ ერთი საქმის განხილვა დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის ოთხი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა პენიტენციურ სისტემაში არსებული ერთ-ერთი გამოწვევაა და ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი გლდანის მერვე, ქუთაისის მეორე და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებებში.
"ამ დაწესებულებებში წახალისებულია დაუსჯელობის სინდრომი და ყურადღება პრობლემის დაფარვაზე და არა მის გამოსწორებაზე მახვილდება. საპატიმროთა ხელმძღვანელები პატიმრებს აიძულებენ, უარი თქვან სხვადასხვა სტრუქტურასა და სახალხო დამცველთან საჩივრით მიმართვაზე. არის შემთხვევები, როცა პატიმრები არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს სახალხო დამცველს აძლევენ, მაგრამ თავიანთი კონფიდენციალობით დაცვას ითხოვენ", - განაცხადა ტუღუშმა.
მისი თქმით, 2011 წლის განმავლობაში სასამართლოში დადებითი შედეგით პატიმრის არასათანადო მოპყრობის მხოლოდ ერთი საქმის განხილვა დასრულდა. ტუღუში იმედოვნებს, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა არ იქნება და ანალოგიური შედეგით სხვა შესაბამისი საქმეებიც დასრულდება.