"დემოკრატიული მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს და თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების აღდგენას მოითხოვს.
"2010 წლის გაზაფხულზე საფუძველი ჩაეყარა ქ. თბილისის 28 კმ სიგრძის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას. პროექტის პრეზენტაციაზე ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ მას 21-ე საუკუნის პროექტი უწოდა. 21-ე საუკუნის პროექტმა, როგორც ხშირად ხდება, ამ ხელისუფლების ხელში, 800 მესაკუთრეს, რომელთა მიწის ნაკვეთებიც შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში მოხვდა, პრობლემები შეუქმნა. თბილისის შემოვლითი რკინიგზის ტრასაზე, პროექტის არეალში 42 ჰექტარი კერძო მიწის ნაკვეთი და საკარმიდამო ქონება, საწარმოები და გარკვეული ბიზნესის საშუალებები მოექცა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა თავისი საკუთრება ხელისუფლების მხრიდან მცირე ზეწოლის შედეგად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით დათმო, მეორე ნაწილს კი საკუთარი ქონების დათმობა იძულებით, ექსპოპრიაციის წესით მოუხდათ", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კერძო ქონების ექსპროპრიაციის უფლება "საქართველოს რკინიგზას" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებით მიენიჭა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თავისი გადაწყვეტილებით ეს უფლება რკინიგზას დაუკანონა. რაც ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრის პოზიციისა და სურვილის მიუხედავად სახელმწიფო მესაკუთრეს ართმევს ქონებას, ვითომდა სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით.
"საქართველოს რკინიგზა" სინამდვილეში მიზერულ, საბაზრო ფასის ნახევარსაც კი არ უხდის იმ მესაკუთრეებს, ვისაც კერძო საკუთრება იძულებით ჩამოართვა, რკინიგზა პირდაპირ იჭრება მოსახლეობის საკუთრებაში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მათთან საკომპენსაციო მოლაპარაკებები დასრულებულიც არ არის და პოლიციის ძალით აიძულებს საკუთრების მიზერულ ფასად დათმობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპენსაციის ოდენობა 1 კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 6 ლარს შეადგენს, ეს ფასი რკინიგზის დაკვეთით განსაზღვრა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ხოლო ქ.თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნორმის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 კვ.მ. მიწის მინიმალური ფასი 14 ლარია, რომელიც იზრდება იმის მიხედვით, თუ მესაკუთრეს რა სახის სამუშაო ჰქონდა ჩატარებული თავის მიწაზე.
"მსოფლიოში ქონების იძულებით ჩამორთმევის დაკანონების პრეცედენტები მხოლოდ არადემოკრატიულ, დიქტატორული მმართველობის ქვეყნებში არსებობს. ნორმალურ ქვეყნებში სახელმწიფო მესაკუთრეს ქონებაში საბაზრო ფასს სთავაზობს, ხოლო თუ ეს უკანასკნელი მაინც უარზეა, როგორც წესი, პროექტში ცვლილებები შედის.
ხელისფლებამ ტრადიციულად, პროექტის პრეზენტაციაზე დადებული დაპირებებიც არ შეასრულა: დაპირების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა არ არის დასაქმებული მშენებლობაში. რკინიგზას ჩინელი მუშახელი აშენებს; ასობით ოჯახი ხელისუფლებამ პრაქტიკულად დააყაჩაღა. მათ ძალით დაათმობინეს საკუთრება მიზერულ ფასად; მშენებლობის პროცეში უკვე გაუარესდა და რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ განსაკუთრებით გაუარესდება მიმდებარე რაიონის ეკოლოგიური მდგომარეობა.
21-ე საუკუნის პროექტში, როგორც მას ხელისუფლება ეძახის, თანხის დაზოგვის მიზნით არ არის განსაზღვრული დღევანდელი, ცივილიზებული სტანდარტებისთვის ელემენტარული, ხოლო ადამიანებისთვის მთავარი - ბუფერული ზონა, რაც პირდაპირ არღვევს იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს და გაუსაძლისს გახდის ნორმალურ საარსებო პირობებს", აცხადებენ "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, დაზარალებული მიწის მფლობელები თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას აგრძელებენ, იმის მიუხედავად, თუ ხელისუფლება, დაშინების რა მეთოდს გამოიყენებს. შიდა ინსტანციების ამოწურვის შემთხვევაში, აპირებენ მიმართონ ევროსასამართლოსაც.
"დემოკრატიული მოძრაობა" კატეგორიულად მოითხოვს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების აღდგენას, პროექტის ელემენტარულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს, მონიტორინგი გაუწიონ აღნიშნულ საკითხს და ადექვატური რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე.