"საქართველოს გადაწყვეტილება, რომელიც "ღია ცის" ხელშეკრულებასთან დაკავშირებით თავისი ვალდებულებების წყვეტას ეხება, ფორმალური საბაბია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გართულებისა", _ განცხადება ამის შესახებ რუსეთის გეოპოლიტიკური აკადემიის პრეზიდენტმა გენერალ-პოლკოვნიკმა ლეონიდ ივაშოვმა გააკეთა.
"ამის გამო რუსეთის შეშფოთება არ ღირს. საქართველო ისედაც არ ასრულებს თავის ვალდებულებებს "ღია ცის" ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელია. ეს უბრალო ფორმალობაა, რომელიც დღეს არც არაფერზე გავლენას არ ახდენს", _ აცხადებს ივაშოვი.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არ გაუმჯობესდეს.
"ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთგვარი პასუხია რუსეთის ფედერაციის მცდელობებისადმი, განავითაროს ურთოერთობები ჩვენს ხალხებს შორის და რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის. მაგალითად, სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს შორის დაახლოება რომ არ მოხდეს, ვაშინგტონმა, როგორც ჩანს, საბაბის პოვნის ბრძანება გასცა", _ განაცხადა ივაშოვმა.
შეგახსნებთ, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულება შეწყვიტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 3 აპრილს, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის შესახებ.
"საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ქ. ვენაში, "ღია ცის" საკონსულტაციო კომისიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მეშვეობით უკვე აცნობა ხელშეკრულების წევრ ყველა ქვეყანას აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ. რუსეთის ეს ქმედება, რომელიც დაიწყო 2010 წელს, მიზნად ისახავს "ღია ცის" ხელშეკრულების გამოყენებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის ლეგალიზაციისთვის", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტრო აღნისნავს, რომ 2010 წელს, რუსეთის მხარემ, "ღია ცის" ხელშეკრულების დარღვევით, ხელშეკრულების VI მუხლის, მე-2 ნაწილის, მე-2 პარაგრაფზე დაყრდნობით, თვითნებური შეზღუდვები დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს სადამკვირვებლო ფრენებზე. კერძოდ, რუსეთმა საბაბად გამოიყენა დებულება, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს უკრძალავს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას. შედეგად, რუსეთმა აკრძალა თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, იმ მოტივით, რომ ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და არ არიან ხელშეკრულების წევრები. შესაბამისად, ხელშეკრულების VI მუხლის, მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციამ, თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენის განხორციელებისას, განზრახ და უკანონოდ შეუზღუდა წევრ ქვეყნებს "ღია ცის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება სრულ ტერიტორიულ წვდომაზე.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოუწოდებდა რუსეთს და მიმართავდა მთელ თავის ძალისხმევას, რათა რუსეთი დაბრუნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვან შესრულებას. სამწუხაროდ, საქართველოს ძალისხმევამ გამოესწორებინა ჩიხური ვითარება, არ გამოიღო დამაკმაყოფილებელი შედეგი.
საქართველოს საგრეო უწყება და აღნიშნავს, რომ "საქართველო, რასაკვირველია, გააგრძელებს "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების წევრი სხვა ყველა ქვეყნის მიმართ".