დღეს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური ფორმალური მოსაწვევი გაუგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს - ეუთოს ადამიანის უფლებების და დამოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა დააფინანსოს მედიამონიტორინგის პროექტი, მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული წარმატებული მედიამონიტორინგის პროექტისა.
საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს სურვილი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ეწვიონ საქართველოს შეუზღუდავი რაოდენობით, რაც შეიძლება სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, რათა დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ისე უშუალოდ საარჩევნო პროცესებს.
საერთაშორისო დამკვირვებლების ოფიციალურად მოწვევა არჩევნებამდე თითქმის შვიდი თვით ადრე უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრაქტიკაში.