მოსკოვში პოლიციელებმა ავტოგამტაცებელი დააკავეს, მან რვა ავტომობილი დააზიანა იმ დროს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
"როდესაც სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის დაკავება გადაწყვიტეს, მან მიმალვა სცადა, რის დროსაც რვა ავტომობილი დააზიანა, ამასთან, იგი ტროტუარზე მიმავალ გოგონას დაეჯახა. პოლიციელებმა ბოროტმოქმედის დაკავება ტაბელური იარაღის გამოყენების შემდეგ შეძლეს", - იუწყება რუსული მედია.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული ქართველია, რომელიც ავტომანქანების გამტაცებელთა დანაშაულებრივ დაჯგუფებაში შედიოდა.
რუსული მედია იუწყება, რომ დაკავებული სამედიცინო შემოწმებაზეა გაგზავნილი, ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ იგი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.