შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ დაკავებულია ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფი: 1988 წელს დაბადებული რევაზ ამბროლაძე, 1982 წელს დაბადებული ლევან ახალკაცი, 1989 წელს დაბადებული დავით გვერდწითელი და 1990 წელს დაბადებული გელა ოქროპირიძე.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2009 წლის 19 ნოემბერს აღნიშნული ჯგუფის წევრები ნიღბებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და პისტოლეტებით შეიარაღებულები შეიჭრნენ ქ. გორში მდებარე ინტერნეტ-კაფეში, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აღნიშნულ ინტერნეტ-კაფეში მყოფი მოქალაქეები ძირს დააწვინეს, შეუკრეს ხელ-ფეხი, იქ არსებული კომპიუტერებიდან ამოიღეს ძვირადღირებული დეტალები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ასევე, ზემოთ ჩამოთვლილმა ჯგუფის წევრებმა, 2009 წლის დეკემბრის თვეში, ხაშურის რაიონის სოფელ ვაყაში ნიღებებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო თოფით, ხელყუმბარით და პისტოლეტებით შეიარაღებულები თავს დაესხნენ აბესალომ მახარაშვილის ოჯახს. მის მეუღლეს - ლია მახარაშვილს, შვილებს - გიორგი და სალომე მახარაშვილებს და სიძეს გიორგი ბოკერიას ე.წ. ,,სკოჩით'' შეუკრეს ხელ-ფეხი და სისცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს 3 200 აშშ დოლარი, 1 000 ლარი და 3 ცალი ,,ნოკიას'' ფირმის მობილური ტელეფონი.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 3 ცალი გადაჭრილი სანადირო თოფი და 1 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 30 ცალი საბრძოლო ვაზნით.დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179, 143 და 236 მუხლებით.