შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტში, ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძისა და ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის საქმეებზე ხვალ ისაუბრებს.
ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ ინიციატივით, სამთავრობო საათის ფორმატში შესაძლოა იუსტიციის მინისტრის მოადგილეც გამოცხადდეს და ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ისაუბროს.
როგორც პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ითქვა, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სამთავრობო საათზე, უკრაინაში ვიზიტის გამო ვერ გამოცხადდება.
ფრაქციას ~ერთობა სამართლიანობისთვის~ მინისტრებისთვის სულ 10 კითხვა აქვს გადაგზავნილი. კერძოდ :
1. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 მარტის №127 და 2007 წლის 20 ივნისის №308 კანკარგულებები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება პრეზიდენტის ოჯახის წევრის, მისი დედის საკუთრებაში გადავიდა, არის უკანონო და შეიცავენ კორუფციის ნიშნებს?
2. რამდენად კანონიერად გადაეცა პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას კუთვნილ ~საქართველოს უნივერსიტეტს~ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული 15 827 კვ.მ. ფართი?
3. საქველმოქმედო ფონდ ~ქართუს~-გან პრეზიდენტის მეუღლის საკუთრებაში არსებულმა რადიო ~მუზამ~ 2009 წელს საჩუქრად 456 342 ლარი, ხოლო 2010 წელს 644 952 ლარი, ჯამში - 1 101 294 ლარი მიიღო. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ საჩუქრის მიღებით პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კანონი ~საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ~?
4. საქველმოქმედო ფონდ ~ქართუ"-დან კანონდარღვევით მიღებული საჩუქარი პრეზიდენტმა თავის ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კანონი ~საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ~?
5. ზემოთჩამოთვლილ კანონდარღვევების გამო აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ და მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები?
6. გთხოვთ გაგვცეთ პასუხი, ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რატომ არ მიეცა ოჯახს საშუალება დამოუკიდებელი ექსპერტი მოეწვია და დამოუკიდებელი ექპერტიზა ჩაეტარებინა? აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც მოქალაქეებს ქიმერიძის ოჯახისთვის სამძიმრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევდნენ და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს (ტელეკომპანია ~მაესტროსა~ და ტელეკომპანია ~თრიალეთის") ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში და ემუქრებოდნენ მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით?
7. გთხოვთ მოგვცეთ განმარტებები, კახეთში ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით და აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელ გ. სიბაშვილის წინააღმდეგ, სოფო ნიკოლაშვილისა და მისი ადვოკატის განცხადებების საფუძველზე?
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2011 წლის 14 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელზე წარდგენილ იქნა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მოქმედების წინასწარი გეგმა. რას ითვალისწინებს ხსენებული წინასწარი მოქმედების გეგმა? რა სახის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად?
9. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან. ამისი ნათელი დადასტურებაა ვეტერან-ფრინავ ავიატორთა სასარგებლოდ გამოტანილი საბოლოო სასამართლო აქტები მათთვის კუთვნილი შემწეობების გაცემასთან დაკავშირებით. ხუთი წელია მოქალაქეთა ეს ჯგუფი იუსტიციის მინისტრისგან პასუხს ამაოდ ელის. ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილია თერთმეტი ვეტერანი მფრინავი, პასუხი კი მიუხედავად დაპირებებისა არ ისმის. გთხოვთ გაგვცეთ პასუხი, რა ვადებში და რა სამართლებრივი ფორმით იქნება აღმოფხვრილი აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტები?
10. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დეტალურად განმარტოს, რატომ ჭიანურდება დღემდე და რა ეტაპზეა ამჟამად ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი?
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი მზად არის, პარლამენტში გამოცხადდეს და დასმულ შეკითხვეს უპასუხოს. ფრაქციის ტავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ სამთავრობო საათზე იუსტიციის მინისტრის რომელიმე მოადგილის მისვლა ითხოვა.