Media Partners-ი რევაზ საყევარიშვილის ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომელიც Forbes Georgia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"ამა წლის 26 მარტს სააქციო საზოგადოება Media Partners-მა მიიღო გადაწყვეტილება რევაზ საყევარიშვილის ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების მიზეზი გახდა რევაზ საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში უმეტესი კითხვების კოპირება რუსული „ვედომოსტის" 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან „არ მეგონა თუ გავხდებოდი მილიარდერი" (Ведомости: „Не думал что стану миллиардером").
ტექსტის პუბლიკაცია, რომელიც გამოქვეყნებული იყო სხვა გამოცემის მიერ, საქმიანი საგამომცემლო ეთიკის უხეში დარღვევაა. ჩვენს მკითხველს, ისევე როგორც კოლეგებს რუსული გამოცემიდან, რომლებიც ფლობენ საავტორო უფლებებს ინტერვიუს ორიგინალურ ტექსტზე, სრული უფლება ექნებოდათ დავედანაშაულებინეთ პლაგიატში. არც ერთი ღირსეული გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, თავს უფლებას არ მისცემს მსგავსი ნაბიჯი გადადგას.
ეს ისტორია ცენზურასთან არ არის დაკავშირებული, მხოლოდ იურიდიულ საკითხებს და საგამომცემლო საქმიანობის ეთიკას ეხება.
რევაზ საყევარიშვილი გათავისუფლებული იქნა სარედაქციო პოლიტიკის იურიდიული და ეთიკური ასპექტების დარღვევისთვის, რომელთა დაცვაც მისი, როგორც ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის სამსახურებრივი მოვალეობა იყო.
რევაზ საყევარიშვილის ყველა განცხადება პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
რევაზ საყევარიშვილის მიერ ჟურნალ Forbes Georgia-ს ექსკლუზიური მასალის (ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან) ინტერნეტში გავრცელება სს Media Partners-თან შეთანხმების გარეშე კანონის დარღვევის გარკვეულ ნიშნებს ატარებს. ჩვენი იურისტები სწავლობენ გარემოებებს და რევაზ საყევარიშვილის დემარშის სასამართლო პერსპექტივებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ Forbes Georgia-ის მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა განცხადებაა გავრცელა, რომლის მიხედვით, მან სარედაქციო მუშაობაში უხეში ჩარევისა და გამოცემის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობისადმი პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. განცხადებაში საყევარიშვილმა აღნიშნა, რომ „ცენზურის მცდელობის" სულ ბოლო შემთხვევა Media Partners-ის თანადამფუძნებლის, გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან მაშინ დაფიქსირდა, როდესაც Forbes Georgia-მ მიიღო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიის მომზადების შესახებ მას შემდეგ, რაც ამერიკულმა Forbes-მა მარტის ნომერში ტრადიციული მილიარდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში ივანიშვილის შესახებ სტატია განათავსა. საყევარიშვილი აღნიშნავს, რომ განცხადებით, მისი აზრით, დამფუძნებლის მხრიდან ცენზურის განხორციელების მცდელობა დიდწილად განპირობებულია გაგიკ ეღიაზარიანის პირადი ნაცნობობით და მეგობრობით საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილთან. მისივე თქმით, მან ასევე განაცხადა, რომ დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში სისტემატური ჩარევისა და ცენზურის განხორციელების მცდელობის არაერთი ფაქტი მოეპოვება თავის საქმიან მიმოწერაში ეღიაზარიანთან, რომელსაც „საჭიროების შემთხევაში" გაასაჯაროვებს.
Forbes Georgia-მ საქმიანობა 2011 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი გამომცემელია კომპანია Media Partners, რომელიც Forbes-ის მიხედვით, „არის პარტნიორების მიერ დაფუძნებული გამომცემლობა, რომელსაც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ათ წელიწადზე მეტი ხნის საწარმოო გამოცდილება აქვს".