"მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტექნიკურ ინტელიგენციას შეურაცხყოფას აყენებს.
ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. გეპეის საინჟინრო გეოდეზიის ფაკულტეტზე წელს პირველად ერთ ადგილზე 55 აბიტურიენტი მოდის. შაშკინმა ამ მონაცემს უპრეცედენტო უწოდა, რადგან აქამდე ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელსაც გეპეი მიზანმიმართულად უწოდეს, ასეთი კონსკურსი არ ყოფილა. მისი თქმით, გეპეიში აბარებდნენ ხოლმე ის აბიტურიენტები, რომლებიც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ხვდებოდნენ.
ანტიკრიზისული საბჭოს წევრმა ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნული განცხადება გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს არის ტექნიკური ინტელიგენციის შეურაცხყოფა. ტყემალაძემ აქვე აღნიშნა, რომ თავადაც ე.წ. გეპეიში სწავლობდა.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში ყველაზე პრესტიჟულ - ფიზიკის ფაკულტეტზე, ერთ ადგილზე მხოლოდ 14 აბიტურიენტი მოდის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ერთ ვაკანსიაზე პრეტენზიას მხოლოდ 7, ხოლო იურიდიულზე მასზე 2-ჯერ ნაკლები აბიტურიენტი.
"ეს მონაცემები რეფორმების შედეგი და საქართველოში მენტალობის ცვლილების მაჩვენებელია", - დასძინა შაშკინმა.