მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ ავღანეთში საერთაშორისო კოალიციაში შემავალ ქართულ სამხედროებს იარაღით ამარაგებს.
მოსკოვი შიშობს, რომ იარაღი, რომელიც ავღანეთში ქართულ კონტიგენტს გადაეცემა, საქართველოში არ აღმოჩნდეს. ეს განცხადება დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
"ჩვენი რეაგირება ამაზე ოფიციალური ნოტის გაგზავნა იყო საელჩოში",_ განაცხადა ლუკაშევიჩმა.
ლუკაშევიჩმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს აშშ-ის საელჩომ რუსული მხარის ინფორმირება მოახდინა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი ავღანეთში მყოფი ქართული კონტიგენტისთვის იარაღისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებას აპირებს.
"პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შეიარაღება, რომელსაც ავღანეთში მყოფი ქართული კონტიგენტი იყენებს, საქართველოში არ აღმოჩნდეს", _ აცხადებს ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი.
მან გამოთქვა აზრი იმის შესახებაც, რომ საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს რემილიტარიზაციის საბაბად გამოიყენება.
"სააკაშვილის რეჟიმს შეუძლია ეს შეიარაღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს, მათ შორის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგაც", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.
ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ საქართველოსთან ნებისმიერი სახის სამხედრო თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ არაერთგზის გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღება ქართულ პორტებში ამერიკის საზღვაო შეიარაღებული ძალების კუთვნილი გემების გახშირებულ შესვლაზე.
"სხვათა შორის, ეს გემები სისტემა "იჯისითაა" აღჭურვილი და როგორი განმარტებაც არ უნდა მისცენ ამ გემების შესვლას, ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ეს მათი რევანშისტული გეგმების წაქეზებად აღიქმება", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.