რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია უკონტროლოა, რის გამოც ის ხშირ შემთხვევაში ბირთვული კონტრაბანდის კერას წარმოადგენს. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე აქცენტი საქართველოს პრეზიდენტმა სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმ პრევენციულ ქმედებებზეც გაამახვილა, რაც მსოფლიომ ბირთვული ტერორიზმის თავიდან ასაცილებლად უნდა გაატაროს.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რეალურად "შავ ხვრელს" წარმოადგენს.
მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ისმენდა.
"მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავაც რჩება სერიოზული საფრთხეები, რომლებზეც საერთაშორისო სამართალში არსებული "ნაცრისფერი ზონების" გამო სამწუხაროდ პირდაპირი კონტროლის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. ვგულისხმობ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ეს არის შავი ხვრელები, რომლებზეც საერთაშორისო კონტროლი არ ხორციელდება.
იმის მიუხედავად, რომ ბირთვული კონტრაბანდის რამდენიმე შემთხვევა სწორედ ამ ოკუპირებიულ ტერიტორიებზე წარმოიქმნა საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ზონებიდან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. იქ არ არსებობს, ამ შემთხვევის დადასტურების არც საერთაშორისო მექანიზმი და არც რაიმე გზა გამოძიების დასაწყებად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სეულში დღის ბოლო ერთობლივი კომუნიკეს მიღებაა დაგეგმილი.
სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ყველაზე ფართომასშტაბიანია მსოფლიოში. სამხრეთ კორეის დედაქალაქში 53 ქვეყნის ლიდერი, მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. სამიტის მუშობაში მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების, უნგრეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის პრეზიდენტები; ავსტრალიის, კანადის, ბელგიის, ჩეხეთის, იაპონიის, დანიის პრემიერ-მინისტრები, იორდანიის მეფე და სხვები.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად სეულში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თვდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური არიან.
ბირთვული უსაფრთხოების პირველი სამიტი ვაშინგტონში 2010 წლის აპრილში გაიმართა.