გორის პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით გორის მკვიდრი ეთერი მახათაძე ითხოვდა პილიციის დახმარებას. ეთერ მახათაძის საჩივარი ეხებოდა დავას, რომელიც მას ჰქონდა თავის საცხოვრებელ ბინაზე მის ბიძაშვილისშვილთან თამაზ ჯღირაძესთან.
გორის რაიონული სამართველოს უბნის ინსპექტორის მიერ გამოკითხულ იქნა ეთერ მახათაძე. საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის მიზნით ასევე გამოძახებული იქნა თამაზ ჯღირაძეც, იგი პოლიციაში გამოცხადდა მის ქვისლ გია ჭავჭავაძესათან ერთად, რომელიც ასევე ესწრებოდა თამაზ ჯღირაძის გამოკითხვას.
"თამაზ ჯღირაძეს ზეპირად გაესაუბრა უბნის ინსპექტორ გამომძიებელი და ვიდრე იგი გამოკითხვის ოქმის შევსებას დაიწყებდა თამაზ ჯღირაძე გახდა ცუდად, რა დროსაც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ თამაზ ჯღირაძე გარდაიცვალა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს გულის უკმარისობა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", - ნათქვამია შსს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გაცხადებაში.