საგარეჯოს რაიონის სოფლების ნინოწმინდისა და წყაროსთავის მოსახლეობა, პროტესტის ნიშნად, ნავთობკომპანია `კანარგო ჯორჯიას~ მუშაობის პარალიზებას გეგმავს. დაზარალებულები სასამართლოს მხრიდან საქმის ობიექტურ განხილვას ითხოვენ.
`სასამართლოს სარჩელით 2005 წელს მივმართეთ. 2007 წლის 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვიძემ დააკმაყოფილა ჩვენი ადვოკატის შუამდგომლობა და ეკოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა, თუმცა მოგვიანებით საქმიდან ეს გადაწყვეტილება გაქრა. საბოლოოდ, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი გვითხრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. სააპელაციო სასამართლომ არბიტრად იგივე მოსამართლე ჩართო საქმის განსახილველად, რომელმაც ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, დავას მაინც ვაგრძელებთ, თუმცა პარალელურად ნავთობკომპანიის პარალიზებას ვგეგმავთ. მოვითხოვთ, რომ კომპანიამ დაზარალებულებს კომპენსაცია გადაგვიხადოს~, - განუცხადეს "კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაზარალებულებმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში #100 ჭაბურღილიდან დიდი რაოდენობით ნავთობი და გაზი 2004 წლის 10 სექტემბერს ამოიფრქვა. ღია შადრევანის დალუქვა სპეციალისტებმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოახერხეს. ნავთობის ამოფრქვევის შედეგად სოფლებში ნინოწმინდასა და წყაროსთავში მასობრივად გავრცელდა მკერდის, ყელის და კანის სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები. ავარიის შედეგად განადგურდა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, დაბინძურდა წყალი და ნიადაგი.