იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალი პროექტის შესახებ რეგიონებში მოქალაქეთა ინფორმირებას განაგრძობს.
დღეს, ქუთაისის იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და გაზეთ 24 საათის ერთობლივი სერვისი სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა გააცნო. იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა კი მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
„ქუთაისში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ხელი შეუწყო ამ რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას. 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის მიხედვით, ქუთაისი ტოპ-ხუთეულშია (თბილისის, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის შემდეგ) . ვინაიდან აქ უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად ვითარდება, ჩვენ გადავწყვიტეთ რეგიონის მოსახლეობისთვის გაგვეცნო ჩვენი ახალი პროექტი., რომელიც 7 თვის წინ დაიწყო და მომხმარებლებში უკვე დიდი ინტერესით სარგებლობს. ამ პროექტით ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ რისკები უძრავი ქონების ბაზარზე. მოქალაქეებს ვაწვდით უტყუარ ინფორმაციას ნებისმიერი ქონების შესახებ იმისთვის, რომ ქონებრივი გარიგებები უსაფრთხო გავხადოთ. ჩვენ ვზრუნავთ მოქალაქეების კომფორტზე და მათთან ერთად ვავითარებთ უძრავი ქონების ბაზარს" - აღნიშნა სოსო წიქარიშვილმა.
საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის" ერთობლივი პროექტი 7 თვის წინ დაიწყო და გაზეთი მომხმარებლებში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მომსახურების მისაღებად საჯარო რეესტრს ყოველდღიურად ასობით მოქალაქე უკავშირდება. შესაბამისად, ყველაზე მეტი ახალი განცხადება სწორედ ამ გაზეთში იყრის თავს.
გაზეთში გარდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა, განთავსებულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებიც. მაგ: ინფორმაცია მომსახურების, მოძრავი ნივთების ყიდვა-გაყიდვის, აუქციონების, ვაკანსიების შესახებ. ასევე ცალკე ჩანართის სახით გაზეთს ახლავს ინფორმაცია ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის შესახებ.
სერვისის შესახებ: მოქალაქეებს, რომლებსაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავება სურთ, საჯარო რეესტრი განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს. მათ უკვე საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ გამოაქვეყნონ განცხადება გაზეთ „ საჯარო რეესტრი 24 საათში'' და ვებგვერდზე www.eproperty.ge.
მოქალაქეებს გაზეთში ინფორმაციის განსათავსებლად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი მომსახურება: დარეკონ საჯარო რეესტრის სატელეფონო ცენტრში ( 2 91 11 29; საჯარო რეესტრის ტერიტორიული მომსახურების ოფისებში შეავსონ განცხადება და იქვე მოათავსონ ნარინჯისფერ ყუთში;
1. შეტყობინება დატოვონ საინფორმაციო ცენტრში „09";
2. SMS შეტყობინება გააგზავნონ ნომერზე: 577 62-62-62;
3. განცხადება გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე : go@eproperty.ge
4. ,,საქართველოს ფოსტის'' პრესის გამავრცელებელ ნებისმიერ ჯიხურში შეავსონ განცხადება და მოათავსონ სპეციალურ ნარინჯისფერ ყუთში;
5. განცხადება დამოუკიდებლად ატვირთონ საჯარო რეესტრის ვებგვერდზე: www.elisting.ge;
განცხადება გაზეთ „საჯარო რეესტრი 24 საათში" მიწოდებიდან, მაქსიმუმ, 3 დღეში გამოქვეყნდება და ზედიზედ გაზეთის 4 ნომერში გამეორდება, ვებგვერდზე კი ვადაში შეუზღუდავად განთავსდება.