თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა ზაზა გაბუნიამ ყოფილი ლოგოპედიური სკოლის მოსწავლეების მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად განათლების სამინისტროს წინ ბრიფინგი გამართა. გაბუნიას განცხადებით, "ლოგოპედიური სკოლის დახურვასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო 144 აღსაზრდელი დაზარალდა".
დეპუტატის თქმით, ორი კვირის წინ სამინისტრომ განაცხადა, რომ უყურადღებოდ არ დატოვებდა ყოფილი ლოგოპედიური სკოლის მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგების მოთხოვნას სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა განცახდებიდან ორი კვირის თავზე სამინისტროს დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრაც კი არ გაუმართავს ინფორმაციის მიწოდების და პრობლემის გადაჭრის მიზნით.
მისივე თქმით, "სამინისტრომ თავის გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს, რადგან 144 დაზარალებულ ბავშვს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება".
"144 მოსწავლიდან 8 ბავშვი #203 სკოლამ მიიღო, დანარჩენი 136 - სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა, რაც საგანგაშო რამ არის, რადგან საკითხი ადამიანებს ეხება, რომელთა მიმართ განსაკუთრებულად ფაქიზი მოპყრობა და დამოკიდებულებაა საჭირო. ამიტომ დიმიტრი შაშკინს ვთავაზობთ, დანარჩენი მოსწავლეები სკოლებში გადანაწილდეს და სასწავლო პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვისთვის შესაბამისად ადაპტირებული გარემო-პირობები შეიქმნას. ამისთვის არ არის საჭირო სკოლა ძველ შენობაში დაბრუნდეს, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ძველ გამოცდილ და კვალიფიციურ პედაგოგებს ამ ბავშვებთან მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცეთ", - განაცხადა გაბუნიამ.
დღესვე, ლოგოპედიური სკოლის მოსწავლეების მშობლებმა და პედაგოგებმა მინისტრ შაშკინის სახელზე განცხადება შეიტანეს, რომელშიც მინისტრს მოსწავლეების შესაბამის გარემოში სასწავლო პროცესში დაბრუნებას სთხოვენ. მათივე განცხადებით, მზად არიან, ფინანსური თანამონაწილეობა გაწიონ, რომ მათ შვილებს ძველი პედაგოგები და შესაბამისი სასწავლო გეგმა შეუნარჩუნდეს.
ცნობისთვის, ლოგოპედიური სკოლა ლაღიძის #7 მდებარეობდა. აღნიშნული სტატუსი მას 2005 წელს ჩამოერთვა, თუმცა ის სპეციფიკური პროფილით საქმიანობას კვლავაც აგრძელებდა. საბოლოოდ კი მიმდინარე 15 თებერვალს დაიხურა.