საპარალამენტო კულუარებში ცესკოს თავმჯდომარედ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან ოთარ სიჭინავას დანიშვნაზე საუბრობენ. როგორც საპარალმენტო კულუარებში ამბობენ, პრეზიდენტმა არჩევანი სწორედ მის სასარეგბლოდ შეაჩერა და ცესკოს თავმჯდომარე სწორედ ოთარ სიჭინავა გახდება.
თავმჯდომარეობის შემთხვევაში ოთარ სიჭინავა, აქცენტს საარჩევნო კომისიის გამჭვირვალე მუშაობაზე და მედიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გააკეთებს.
"ჩემთვის ცესკო-ს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთი იქნება, თუმცა სრულად მაქვს შეგნებული პასუხისმგებლობა. ბევრი მუშაობა მომიწევს გამჭვირვალობის და მასმედიასთან მუშაობის კუთხით", - განმარტავს სიჭინავა.
ვრცელდება ინფორმაცია, სიჭინავასა და პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო ურთიერთობების შესახებ.
ერთ-ერთი ინფორმაციით, პრეზიდენტი და ოთარ სიჭინავა ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.
სიჭინავას მიიჩნევენ პოლიტიკურად ანგაჟირებულადაც და ამის ერთ-ერთ მაგალითად ნინი ბურჯანაძის მიერ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის სწორედ სიჭინავას მიერ "განხილვას" ასახელებენ.
აღნიშნულის მიუხედავად, ოთარ სიჭინივას კოლეგები და სამართლის სფეროს წარმომადგენლები მაღალი რანგის პროფესიონალად მოიხსენიებენ.
ოთარ სიჭინავა - დაიბადა 1972 წელს ქ. თბილისში.
1989-1994 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე.
2001- 2002 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თემპუს_ის პროგრამის ფარგლებში.
1988-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის სახელმწიფო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეხანძრე.
1993-1996 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის კანცელარიაში მდივანად.
1996-1998 წლებში იყო ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორი.
1999-2000 წლებში იყო საქართველოს საინვესტიციო ცენტრის იურისტი.
2000-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად.
2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2006 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.