. დღეიდან ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი "საბა" იწყება. "საბას" რიგით მე-8 დაჯილდოება 2010 წლის ივნისში გაიმართება და მასზე 2009 წლის საუკეთესო წიგნების ავტორები დასახელდება. "საბაზე" წიგნების წარდგენა 10 თებერვლამდე გაგრძელდება. პრემია "საბაზე" 2009 წელს გამოცემულ წიგნებს წარადგენენ როგორც გამომცემლობები, ისე უშუალოდ წიგნის ავტორები.
თებერვლის შუა რიცხვებიდან მუშაობას შეუდგება 5-კაციანი კომპეტენტური ჟიური, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავს და შეაფასებს 2009 წლის ლიტერატურულ პროდუქციას.
ყოველწლიურ ლიტერატურულ პრემია "საბას" დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, ტელეკომპანია "რუსთავი-2" და ქართული პენ-კლუბი. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
პრემია "საბაზე" განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.
ტრადიციულად, ლიტერატურული პრემია "საბა" გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო რომანი; წლის საუკეთესო პოეტური კრებული; წლის საუკეთესო პროზაული კრებული; წლის საუკეთესო თარგმანი; წლის საუკეთესო პიესა; წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა; წლის საუკეთესო დებიუტი.
პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი შეადგენს 36 ათას ლარს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.
ჟიური 5 წევრისაგან შედგება. მისი შემადგენლობა მუდმივი არ არის. ჟიურიში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება.