საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ცესკოში ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის ასარჩევი პროცესისთვის ბოიკოტის გამოცხადება ნიშანია იმისა, რომ "ოპოზიცია წინასწარ არის შეგუებული მარცხს და აქედანვე ცდილობს ამ მარცხის გამართლებას". ეს განცხადება პავლე კუბალშვილმა ცესკოში ოპოზიციური პარტიების მიერ ბოიკოტის გამოცხადების საკითხის კომენტარისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ბოიკოტის გამოცხადება არა პოლიტიკური პარტიების, არამედ იმ წევრების გადასაწყვეტია, რომლებიც ცესკოში არიან.
"ის, რომ გადაწყვეტილებას იღებს პარტია, მისი თქმით, ნიშანია იმისა, რომ ცესკო მთლიანად პოლიტიზებულია, რის წინააღმდეგაც ჩვენ მუდმივად გამოვდიოდით", _ აცხადებს იგი.
რაც შეეხება ბოიკოტის პროცესს, კუბალშვილი მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესს ეს ვერ შეაფერხებს და გადაწყვეტილებას პარალმენტი დადგენილ ვადაში მიიღებს.
კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ასეთი "თითიდან გამოწოვილი" მიზეზები მოიმატებს, თუმცა იმედოვნებს, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ადეკვატურად შეაფასებს.