"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ოპოზიციურ პარტიებს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებს.
მოძრაობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ლევან თარხნიშვილის, ოთარ სიჭინავასა და ზურაბ ხარატიშვილის წარდგენას დემოკრატიის მორიგ ფასადს უწოდებს. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ფასადის მიღმა მომავალი არჩევნების გაყალბებისა და ფალსიფიცირების პროცედურის სამზადისი იმალება.
"მიხეილ სააკაშვილის მიერ კანონით დადგენილი ვადების დარღვევით შერჩეული კანდიდატების წარდგენა სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიის მორიგი ფასადი, რომლის უკან რეალურად იმალება მომავალი არჩევნების გაყალბებისა და ფალსიფიცირების პროცედურის სამზადისი", _ ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას აქვს მცდელობა, ოპოზიციის სახელით ხელისუფლებისთვის სასურველი და მართული კანდიდატის არჩევა მოხდეს.
"ხელისუფლების მხრიდან იმის პროპაგანდა, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევენ ოპოზიციური პარტიები, რეალურად არის დასავლეთისთვის დემოკრატიულ პროცესად შეფუთვის ავანტიურა. ოპოზიციას, ფაქტობრივად, არაფერი აქვს ასარჩევი, თუმცა ხელისუფლების მცედელობაა, ოპოზიციის სახელით მოხდეს ხელისუფლებისთვის სასურველი და მართული კანდიდატის არჩევა, მაგრამ არა დისკრედიტირებული თარხნიშვილის. ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატი თარხნიშვილი, სავარაუდოდ, ისევე ხელისუფლების დემოკრატიული პროცესებისთვის წამოწყებული "პიარის" სასარგებლოდ, ვერ იკავებს თავმჯდომარის თანამდებობას, რაც გარეშე თვალისთვის ქმნის დემოკრატიული პროცესის განცდას, მაგრამ რეალურად თუ გავითვალისწინებთ, რომ დანარჩენი ორი კანდიდატიც წარმოადგენს ხელისუფლების ინტერესების გამტარებელს, არჩევნების შედეგები ჩვენთვის უკვე ნათელია", _ აცხადებენ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები.
"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია "ალპე", რომლის მიერაც წარმოდგენილია კანდიდატი ხარატიშვილი, გიგი უგულავას ინტერესებს ატარებს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" ასევე ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია და აღნიშნულმა ორგანიზაციამ არჩევნების წინასწარი შედეგების - ეგზითპოლების გამოცხადებით გაუკვლია გზა თარხნიშვილს ყალბი შედეგების გამოსაცხადებლად.
"ოთარ სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" მიერ. ყველას გვახსოვს აღნიშნულმა ორგანიზაციამ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებით როგორ გაუკვლია გზა თარხნიშვილს ყალბი შედეგების გამოსაცხადებლად და ამ შედეგების თავმოსახვევად გარკვეულ პროპაგანდასაც ეწეოდა. მისი იმჟამინდელი ხელმძღვანელი კოკი იონათამიშვილი დღეს უკვე ღიად წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას. ასეც არ იყოს, ყოვლად გაუგებარია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სურვილი, გახდეს ცესკოს თავმჯდომარე, თუმცა თუ გავითვალისწინებთ სიჭინავას გარშემო 2005 წელს განვითარებულ მოვლენას (იუსტიციის საბჭოში მუშაობის დროს პირდაპირ ახორციელებდა ხელისუფლებისთვის არასასურველი მოსამაართლეების ღია დევნას), მაშინ ყველაფერი ნათელია: მისი სწრაფვა _ რაც შეიძლება მეტი ასიამოვნოს დიად ბელადსა და ხელისუფალს. აშკარაა, რომ იგი ასეთი მოტივირებული ცესკოს თავმჯდომარეობიდან გაცილებით უკეთ შეძლებს ამას, ვიდრე მოსამართლის სავარძლიდან", _ ნათქვამია "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" განცხადებაში.