პრაიმერის ინიციატორი პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატის დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ამის შესახებ განცხადებას კონსერვატიული პარტია ავრცელებს.
"პრაიმერის ინიციატორი პარტიები გამოვხატავთ პროტესტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების გამო. წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო კომპრომისული პირი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ნაცვლად ამისა ხელისუფლებამ წარმოადგინა თავმჯდომარის კანდიდატებად მოქმედი თავმჯდომარე, რომელიც გახდა ქვეყანაში ბოლო ორი წლის მანძილზე მიმდინარე კრიზისის ერთერთი მთავარი მიზეზი და აგრეთვე ხელისუფლებასთან დაახლოვებული სატელიტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ზურაბ ხარატიშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ოთარ სიჭინავა", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ "არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არცერთ ამ ადამიანს გამოცდილება არ აქვს, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ უგულვებელყო ცენტრალური სააჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარმოდგენილი არაერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის კვალიფიციური წარმოადგენელი, რომელთაც ურყევი რეპუტაცია გააჩნიათ როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო საზოგადოებაში".
"პრაიმერის ინიციატორი პარტიები მივიჩნევთ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არჩევნების გაყალბების პირველი სერიოზული მცდელობა, რასაც ჩვენ დავუპირისპირდებით ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით, დავიცავთ ჩვენ ხმებს და ვაიძულებთ მიხეილ სააკაშვილს აღიაროს ადგილობრივი არჩევნების შედეგები", - ნათქვამია განცხადებაში.