"ქრისტიან-დემოკრატები" ხაშურის პოლიციაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საკითხის განხილვაში პარლამენტის ჩართვას ითხოვენ. როგორც ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას პირს მოსწმენდენ ან ხელს დააფარებენ.
"პარლამენტი სირაქლემას პოზაში ვერ ჩადგება და გვერდს ვერ აუვლის იმ საკითხს, რაც რამდენიმე დღის წინ ხაშურის პოლიციაში მოხდა. ამიტომ მოგიწოდებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზე მოვიწვიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენლები, რომლებიც საკუთარ სიმართლეს გაგვაცნობენ, თუმცა ასევე არსებობს ალტერნატიული მოსაზრებები ამ საკითხზე", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
დეპუტატის შეფასებით, თუ მოქალაქის სიკვდილში სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომას აქვს ადგილი, დამნაშავეც უნდა დაისაჯოს და ისიც, ვინც მას ხელს აფარებს.