მოსკოვში დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეების რამდენიმე აქცია გაიმართება. პოლიციამ უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა მართლსაწინააღმდეგო მოქმედება მკაცრად იქნება აღკვეთილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის შს სამინისტროში ჯერ კიდევ ამ დილით დაიბარეს ოპოზიციის მიტინგის "თავისუფალი არჩევნებისთვის" ორგანიზატორები, რომლებიც აქციის გამართვას პუშკინის მოედანზე აპირებენ, მაგრამ მათ პოლიციაში მისვლისაგან თავი შეიკავეს. მალევე მოსკოვის პროკურატურამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ კანონი მკაცრად უნდა იყოს დაცული მათ შორის ოპოზიციონერების ედუად ლიმონოვის, ალექსეი ნავალნის, ბორის ნემცოვის, სერგეი უდალცოვისა და სხვათა მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ბლოგერები წერენ, რომ ფორმაში ჩაცმული ადამიანების სიმრავლის გამო მოსკოვი "ოკუპირებულს" ჰგავს. მრავალროცხოვანი სამხედრო სატვირთო მანქანები დგანან არა მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მიტინგების მოწყობა იგეგმება, არამედ კრემლის კედლებთანაც.
მოსკოვში წესრიგს დაახლოებით 12 ათასი პოლიციელი დაიცავს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული წესრიგის დამცველებს კიდევ 6.3 ათასი ადამიანი დაემატოს.
ოპოზიციის მიტინგი პუშკინის მოედანზე მოსკოვის დროით 19:00 საათზე უნდა დაიწყოს და 21:00 საათზე უნდა დასრუდეს. აქციას მოძრაობა "სამართლიანი არჩევნებისთვის" საორგანიზაციო კომიტეტის ლიდერები ბორის ნემცოვი, სერგეი უდალცოვი და ჟურნალისტი სერგე პახრომენკო ამზადებენ. მოძრაობის საორგანიზაციო კომიტეტმა არჩევნები არალეგიტიმურად უკვე გამოაცხადა.
ვლადიმერ პუტინის მომხრეები ასევე დღეს მოსკოვში რამდენიმე ადგილას შეიკრიბებიან.