ქართული მხარე არასდროს შეეგუება, რუსეთის ფედერაციის საელჩო საქართველოს ტერიტორიაზე სამ ადგილას იყოს გახსნილი. ამის შესახებ საპარლამენტო უმავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
"აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პუტინმა და მედვედევმა ერთობლივად მიიღეს და ახლა მისი გადახედვის ილუზია არავის ჰქონდა", - განაცხადა წიკალურმა.
რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, დეპუტატის შეფასებით, კრემლის მხრიდან ამის შემოთავაზება ერთგვარი ცინიზმი იყო.
"საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენი ქვეყანა ვერასდროს შეეგუება იმას, რომ რუსეთის საელჩო სამ ადგილას იყოს გახსნილი. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს და აღიარებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აცხადებს უმრავლესობის წევრი.