ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში იმაზე ფეტი ფული არ მომმატებია, ვიდრე ხელფასს ვიღებ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახმეტაში, ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნისას განაცხადა.
"ჩემი პირადი არაფერი არ არსებობს. ეს საავადმყოფო რომ გაიხსნა ეს არის ჩემი და ეს არის თქვენი. გზები, რომ შენდება ეს არის ჩემი და ეს არის თქვენი. სკოლები რომ შენდება ესეც ჩემი და თქვენია. ამ ყველაფრის გაკეთებით მე რაღაც შემოსავლები არ გამჩენია. რა შემოსავლები უნდა გაგიჩნდეს, რა ვილები უნდა აიშენო და რა ანგარიშები უნდა გახსნა შვეიცარიულ ბანკში ისეთი, რომ შენი ქვეყნის მშენებლობაზე გაცვალო", - მიმართა ახმეტის მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, არ გაუმჯობესებულა მატერიალური მდგომარეობა მინისტრებისაც.
"მინისტრებს რა ხელფასიც აქვთ იმ ხელფასზე ცხოვრობენ. მაგრამ, თუკი იმ ადგილებში, საიდანაც ისინი წარმოშობით არიან, ხალხი უკეთესად იცხოვრებს შესაბამისად ისინიც უფრო მდიდრები იქნებიან. თუკი პრეზიდენტის ქვეყანა უკეთესად იცხოვრებს, რა თქმა უნდა მე უფრო ხელგაშლილი და მდიდარი ვიქნები და ეს არ აისახება არანაირ დეკლარაციაში. ჩემი ქონებრივი დეკლარაცია ბევრად არ განსხვავდება იმისგან, რაც იყო 5-6 წლის წინ. ჩემი დეკლარაცია არის მთლიანად საქართველო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.