საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახმეტას ესტუმრა და ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრთან და სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა. სადაზღვევო კომპანიის „იმედი L" მიერ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენებული სამედიცინო ცენტრი 17 თებერვალს გაიხსნა და უკვე 200-მდე პაციენტს გაუწია სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკაში 30 ჩვილი დაიბადა. საავადმყოფო 20 საწოლიანია და იქ 100-ზე მეტი ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. ადგილობრივებს აქ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ქირურგიული, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. სადაზღვევო კომპანიამ „იმედი L" 3,5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.