საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ ისრაელში ვიზიტისას ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხი დააყენა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
" გრიგოლ ვაშაძემ ისრაელში ვიზიტისას ოფიციალური ფორმითაც დააყენა ეს საკითხი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის პროცესი რომელიც მოლაპარაკებას და მუშაობას საჭიროებს და შემდგომში ვნახოთ რამდენად ეფექტურად წარიმართება", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი, როდესაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ.
"საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მოსამზადებელი მთავრობათაშორისი საქმიანობა დაწყებული იყო ამის თაობაზე. ბუნებრივია შემდგომ უკვე ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირს ამის თაობაზე ეცნობებოდა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.