საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება. კალანდაძის თქმით, პუტინის განცხადება იმის თაობაზე, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს, ხაზს უსვამს პუტინის დამოკიდებულებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
"ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ვლადიმერ პუტინის პოზიცია ძალიან ცალსახად არის გაცხადებული. მისი ბოლო განცხადებით მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის დამოკიდებულებას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ეს ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. მთვარი არის ჩვენ ჩვენი ურყევი პოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა შევინარჩუნოთ. განურჩევლად იმისა ვლადიმერ პუტინი საკუთარ პოლიტიკას შეცვლის თუ არა, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა ადრე თუ გვიან მაინც გამოიღებს შედეგს", - განაცხადა კალანდაძემ.
ვლადიმერ პუტინი აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში უკან დახევას გამორიცხავს , - "რია ნოვოსტის" ცნობით ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს
არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დროს განუცხადა.
კითხვაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, შესაძლებელია თუ არა, შეიცვალოს რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან, პუტინმა უპასუხა: "ეს გამორიცხულია. ჩვენ უკან არ დავიხევთ", - განაცხადა პუტინმა.