საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს. როგორც ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს არჩევნები სრულიად უკანონოდ ჩატარდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
"ეს არჩევნები ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, რაც სრულიად უკანონოა. ამის გამო, ჩვენი მხრიდან შვეიცარიელი შუამავლების მეშვეობით საპროტესტო ნოტა გაეგზავნება რუსეთის ხელისუფლებას, რადგან მან ჩაატარა უკანონო არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტი პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან არჩევნებში ხმა მისცა ვლადიმერ პუტინს.
"ანქვაბის განცხადება, რომ მან ხმა მისცა ვლადიმერ პუტინს როგორც პრეზიდენტს, სასაცილოც იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს. მან თქვა, რომ როგორც რიგითმა მოქალაქემ თავის პრეზიდენტს მისცა ხმა არჩევნებში. ამით ანქვაბმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის რეალურად მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელიც არ არის და პირდაპირ წარმოადგენს საოკუპაციო ძალებს", - განაცხადა კალანდაძემ.