საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობით რუსეთს განვითარების დაბალი პერსპექტივა გააჩნია.
"ძალიან დიდი ხნის წინ, ოფიციალურად გაცხადებული იყო, რომ პუტინი პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავდა და ეს სწორედ ასეც მოხდებოდა. ის ფაქტი, რომ პუტინი ბრუნდება პრეზიდენტად ნიშნავს იმას, რომ ამ დიდ და რესურსებით დატვირთულ ქვეყანას განვითარების კვლავაც დაბალი პერსპექტივა გააჩნია. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობაც ადეკვატურად ვაფასებდეთ ვითარებას და ილუზიებით არ ვიკვებებოდეთ, რომ პუტინის ხელახლა მოსვლის პირობებში რაიმე სახით მისი საგარეო პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს", - განაცხადა კალანდაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების პროცესს, ნინო კალანდაძე თავს იკავებს შეფასებისგან, რადგან სადამკვირვებლო მისიების ოფიციალური განაცხადები არ არსებობს ამ დროისთვის.
"თუმცა, პრინციპული მნიშვენლობა ამას არც აქვს, რადგან შედეგი გადახედვას არ დაექვემდებარება. არც ჩვენთვის და არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის პუტინის გამარჯვება გასაკვირი არ არის", - განაცდა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. რუსეთის ცესკო-ს თავჯდომარის, ვლადიმერ ჩუროვის განცხადებით, ამ დროისთვის ხმების 99,3%-ია დათვლილი, საიდანაც 63.75% ვლადიმერ პუტინს ერგო; 17,19%-მა გენადი ზიუგანოვს დაუჭირა მხარი, 7,82%-მა მიხაილ პროხოროვს, 6,23%-მა ვლადიმერ ჟირინოვსკის, 3,85%-მა კი სერგეი მირონოვს,
პუტინს გამარჯვება უკვე მიულოცეს ვლადიმერ ჟირინოვსკიმ და სერგეი მირონოვმა.