რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა. როგორც პუტინმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ის იმედოვნებს რომ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდება.
"მე კარგად გამოვიძინე, ვივარჯიშე და მოვედი ხმის მისაცემად. დიდი იმედი მაქვს ამომრჩეველთა აქტივობის. ყველამ ვიცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური მოვლენაა. ამ არჩევნებზეა დამოკიდებული მრავალი საკითხის გადაჭრა, მათ შორის განათლების, ჯანდაცვისა და დემოგრაფიული საკითხების, რაზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მოწყობაც. პრეზიდენტეა დამოკიდებული საგარეო პოლიტიკური კურსი და საერთაშორისო ასპარეზებზე ქვეყნის ინტერესების დაცვა. გარდა ამისა, პრეზიდენტი არმიის მთავარსარდალიც არის. დარწმუნებული ვარ ხალხი ამას პასუხისმგებლობით მოეკიდება და ვიმედოვნებ აქტივობის მაღალი ხარისხი იქნება", - განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, მან მორწმუნეებს მართლმადიდებლობის ზეიმიც მიულოცა.
"დღეს რელიგიური დღესასწაულიც არის - მართლმადიდებლობის ზეიმი. მსურს ყველა მორწმუნეს მივულოცო ეს დღესასწაული და იმედი მაქვს, რომ სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც შეურთდებიან ამ მილოცვას", - აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის სავარძლისათვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.
რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია 2011 წლის 26 ნოემბერს დაიწყო.
არჩევნების საბოლოო შედეგი კანონის მიხედვით 14 მარტამდე უნდა გახდეს ცნობილი 17 მარტამდე კი ეს შედეგები ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს. 4 მარტს არჩეული პრეზიდენტი თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად 7 მაისს შეუდგება.