საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის განმუხურის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია თავმდამსხმელთა ვიანაობა.
"განმუხურში ამ დროისთვის სიმშვიდეა", - აღნიშნა უტიაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, 4 მარტს, 03:20 საათზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით სოფელ განმუხურთან.
თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ დაახლოებით ათი წუთი გასტანა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან.