საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის პოლიტიკა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მოსპობისკენ არის მიმართული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ეხმიანება რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლის, ვლადიმერ შამანოვის განცხადებას მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებში პირველი ვერტმფრენების პოლკის შექმნისა და მისი ნოვორიისკში განთავსების თაობაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარდალმა ვერტმფრენების პოლკის შექმნისა და დისლოკაციის ადგილის შერჩევის დასაბუთებისას განაცხადა: "თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის ხშირ გართულებას. საქართველოსთან ურთიერთობებში დაძაბულობა მატულობს. გვაქვს პრობლემები ჩვენს ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ იქ დავიწყებთ სამხედრო ოპერაციების განხორციელებისას ვერტმფრენების გამოყენებას".
როგორც საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ შარშან რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განალაგა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "Точка-У"-ს და "სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონები.
"მოსკოვის ეს ნაბიჯი წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ღია და დაუფარავ მუქარას და არავითარ ეჭვს არ ტოვებს, თუ კონკრეტულად ვის წინააღმდეგ არის მიმართული რუსეთის ფედერაციის ეს მორიგი აგრესიული ქმედება. ნათელია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მოსპობისკენაა მიმართული", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გამალებული მილიტარიზაცია და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, თუ ვისი ქმედებები არის მთლიანად კავკასიის რეგიონის მადესტაბილიზებელი ფაქტორი.
"სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნიდან არაერთხელ იქნა დეკლარირებული საქართველოს ხელისუფლების კურსი მხოლოდ მშვიდობიანი გზების გამოყენებით იქნას დაძლეული კონფლიქტური სიტუაციები. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლება მჭიდროდ და ტრანსპარენტულად თანამშრომლობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელსაც, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეშვებაზე და შესაბამისი მონიტორინგის ჩატარებაზე უარს ეუბნება რუსეთის ფედერაცია. რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ ვის გააჩნია ფარული თუ შეუნიღბავი აგრესიული ზრახვები და ვინ არის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაძაბულობის ესკალაციის მიზეზი", - მიიჩნევენ საგარეო უწყებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნებისგან, მიიღონ აქტიური და ქმედითი ზომები, რათა აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია.