ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობისთვის, რის შედეგადაც, 2012 წლის 13 თებერვალს თავიდან იქნა აცილებული ტერაქტის მცდელობა ისრაელის საელჩოზე თბილისში. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ვაშაძე შიმონ პერსს ისრაელში გამართული ვიზიტის ფარგლებში, 27 თებერვალს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი მდგომარეობისა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
28 თებერვალს გრიგოლ ვაშაძე შეხვდა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს რეუვენ რივლინს. მხარეებმა ისაუბრეს ებრაელი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, იმავე დღეს გაიმართა შეხვედრა ვაშაძესა და ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შორის.
"მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობის შესახებ და განიხილეს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ორმხრივი საერთაშორისო სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფას. საუბარი შეეხო, აგრეთვე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მხარეები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მუშაობას ერთობლივი სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოინახულა ჰოლოკოსტის მუზეუმი, გვირგვინით შეამკო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი.